საშვილოსნოს ყელის კიბო

An-end-to-cervical-cancer
დღეს მსოფლიოს შეუძლია
საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება!
გაიგეთ ყველაფერი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ აქ!

2021 წელს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს მთავარი აქცენტი საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციაზე კეთდება. კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ უერთდება გლობალურ კამპანიას და წარმოგიდგენთ ყველა ინფორმაციას, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

მსოფლიო

  • მსოფლიოში  ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 600.000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება; 
  • მსოფლიოში ყოველ წუთს ერთ ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს უსვამენ;
  • გლობალურად, ყოველწლიურად 300.000 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადებით, ანუ ერთი ქალი ყოველ 2 წუთში; 
  • მსოფლიოს 40 ქვეყანაში საშვილოსნოს ყელის კიბო სიკვდილობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა; 
  • საშვილოსნოს ყელის კიბოთი ქალების 90% საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში იღუპება. 

საქართველო

  • საქართველოში წელიწადში ყოველ 100.000 ქალში 17-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი ესმევა. იმისათვის, რომ საშვილოსნოს კიბო აღმოფხვრილად ჩაითვალოს, ეს მაჩვენებელი 4-მდე უნდა შემცირდეს. 
  • საქართველოში ყოველწლიურად 100.000 ქალიდან 10 ქალი საშვილოსნოს კიბოს დაავადებით იღუპება.
  • საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში მე-5 ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა.
pexels-andrea-piacquadio
რა უნდა ვიცოდეთ
საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ

საშვილოსნოს ყელის კიბო არის დაავადება, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ყელიდან (საშვილოსნოს ქვედა, ვიწრო ნაწილი, რომელიც საშვილოსნოს და საშოს ერთმანეთთან აკავშირებს).

აღნიშნული დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა კავშირშია ადამიანის პაპილომა ვირუსთან (HPV), რომლის ზემოქმედების შედეგად საშვილოსნოს ყელის უჯრედები იწყებს არაკონტროლირებად გამრავლებას და საბოლოოდ სიმსივნურ უჯრედად გადაგვარდება.

HPV წარმოადგენს ვირუსთა ჯგუფს, რომელშიც 100-მდე სხვადასხვა სახეობის ვირუსი მოიაზრება. მათი უმრავლესობა ნაკლები საფრთხის შემცველია, თუმცა ცნობილია დაახლოებით 14-მდე ტიპის ვირუსი, რომელიც კიბოს განვითარებას უკავშირდება. მათ შორისაა მე-16 და მე-18 ტიპის HPV ვირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს და კიბოსწინარე მდგომარეობის შემთხვევათა 70%-ის გამომწვევია. HPV ასევე დაკავშირებულია ანუსის, ვულვის, საშოს, პენისისა და ოროფარინქსის სიმსივნეებთან.


ხშირ შემთხვევაში HPV ინფექცია უსაფრთხოა, არ იწვევს არანაირ სიმპტომს და ქრება მკურნალობის გარეშეც. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ინფექციამ ქრონიკული ხასიათი მიღოს და სიმსივნურ პროცესში გადაიზარდოს.


საშვილოსნოს ყელის კიბო ადრეულ სტადიებში შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:

  • უჩვეულო სისხლდენა საშოდან სქესობრივი აქტის შემდეგ, მენსტრუალურ ციკლებს შორის და/ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში;
  • უჩვეულო ტკივილი/დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
  • გამონადენი საშოდან, რომელიც შეიძლება იყოს სისხლნარევი, თხევადი და არასასიამოვნო სუნის მქონე;
  • ტკივილი წელისა და მენჯის არეში.

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები?

  • თამბაქოს მოხმარება: მწეველი ქალები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გაორმაგებული რისკის ქვეშ არიან; 
  • დაქვეითებული იმუნიტეტი: დაქვეითებული იმუნიტეტის  მქონე ქალებში, HIV-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არსებობის ფონზე, HPV ინფექციამ შესაძლოა ქრონიკული ხასიათი მიღოს, რაც ზრდის კიბოსწინარე მდგომარეობის/კიბოს განვითარების ალბათობას; 
  • 5 ან მეტი შვილის ყოლა, ან მშობიარობა ადრეულ ასაკში (17 წლამდე). 

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები?

  • თამბაქოს მოხმარება: მწეველი ქალები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გაორმაგებული რისკის ქვეშ არიან; 
  • დაქვეითებული იმუნიტეტი: დაქვეითებული იმუნიტეტის  მქონე ქალებში, HIV-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არსებობის ფონზე, HPV ინფექციამ შესაძლოა ქრონიკული ხასიათი მიღოს, რაც ზრდის კიბოსწინარე მდგომარეობის/კიბოს განვითარების ალბათობას; 
  • 5 ან მეტი შვილის ყოლა, ან მშობიარობა ადრეულ ასაკში (17 წლამდე). 
pexels-jill-wellington-413735
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია 100%-ით შესაძლებელია!
როგორ დავიცვათ თავი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე პრევენცირებადი და განკურნებადი ონკოლოგიური დაავადებაა. ის არის ერთადერთი ონკოლოგიური დაავადება, რომლის პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი. რეგულარული სკრინინგი კი ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნების შესაძლებლობას 100-დან 93 შემთხვევაში იძლევა.

ვაქცინაცია

2006 წლიდან არსებობს 2 ტიპის ვაქცინა, რომლებიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი HPV ვირუსისგან იცავს. ვაქცინა ამცირებს HPV ინფექციის განვითარების და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

თანამედროვე ეტაპზე HPV-სთან ასოცირებული დაავადებების პრევენციის მიზნით ორი ვაქცინაა ხელმისაწვდომი:

  1. კვადრივალენტური ვაქცინა, რომელიც HPV ვაქცინის ოთხ გენოტიპს შეიცავს – 6, 11, 16, 18;
  2. ბივალენტური – რომელიც HPV ვაქცინის ორ გენოტიპს შეიცავს – 16,18.

HPV ვაქცინა მაღალეფექტიანია ახალგაზრდებში HPV ვირუსთან შეხებამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გოგონები უნდა აიცრან 9-14 ასაკის პერიოდში. ვაქცინაცია რეკომენდებულია სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე, თუმცა თუ ქალი ინფიცირებული არ არის, ვაქცინაცია ნებისმიერ ასაკში მისაღებია.

საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ტარდება 9 წლის ასაკის გოგონებში. ვაქცინაცია სამეტაპიანია, კეთდება 2- თვიანი შუალედით პირველ და მეორე დოზებს შორის და 6- თვიანი შუალედით პირველ და მესამე დოზებს შორის.

სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ადრეულად აღმოჩენის შემთხვევაში კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალება კი რეგულარული სკრინიგნია. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას წლები სჭირდება. კიბოს განვითარებამდე, საშვილოსნოს ყელში აღინიშნება ცვლილებები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, წინასწარ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ მათ და არ მივცეთ შესაძლებლობა, გადაიზარდოს კიბოში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული, რაც დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.

სკრინინგის პროგრამა მოიცავს:

  • Pap ტესტის ჩატარებას;
  • გინეკოლოგის კონსულტაციას;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში: კოლპოსკოპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში: კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა ხდება ყელის ლორწოვანის ნაცხის ციტოლოგიური კვლევით, ანუ Pap ტესტით და კოლპოსკოპიით (ყელის მიკროსკოპიული დათვალიერებით).

ტესტის დადებითი პასუხი ავთვისებიანი სიმსივნის სავარაუდო არსებობაზე ან მისი განვითარების რისკზე მიუთითებს, ავლენს კიბოსწინარე მდგომარეობას და ინფექციებს, რომელსაც საშვილოსნოს ლორწოვანზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა შეუძლია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 91% პაპილომა ვირუსითაა გამოწვეული. ჩივილები კიბოს გვიან სტადიებზე ვლინდება, როდესაც უკვე მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა დაგვიანებულია. ამიტომაა მნიშვნელოვანი რეგულარული სკრინინგი და პაპილომავირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლენა, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია.

როგორ მოვემზადოთ Pap ტესტისთვის?

  • სკრინინგის ჩატარებისთვის საუკეთესო დრო ციკლის შუა პერიოდია;
  • დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს;
  • თუ სქესობრივი კონტაქტის დროს გამოიყენეთ დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი, უახლოესი 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენს ტესტის შედეგზე.

იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა არ დაფიქსირდეს, რადგან ზოგ შემთხვევაში საკვლევი მასალა მცირე რაოდენობის პათოლოგიურ უჯრედს შეიცავს. იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდაა დანერგილი, ყოველი მეათე ანალიზი გადამოწმებას საჭიროებს.

pexels-andrea
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, არსებობს მკურნალობის შემდეგი ვარიანტები:

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადია: დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს ოპერაციულ ჩარევას, ზოგ შემთხვევაში – სხივურ თერაპიას, +/- ქიმიოთერაპიას ოპერაციის შემდგომ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებული ვარიანტი: იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე მეტად გავრცელებულია, უმეტესწილად გამოიყენება სხივური თერაპია ქიმიოთერაპიასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, მიზანშეწონილია ქირურგიული მკურნალობაც. რიგ შემთხვევებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას, გარდაუვალია საშვილოსნოს ამოკვეთა, რასაც თან სდევს ნაადრევი მენოპაუზა და უშვილობა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მქონე პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა: იმ შემთხვევაში, თუ საშვილოსნოს ყელის კიბო განკურნებას არ ექვემდებარება, არსებობს გზები, რომელიც შეაფერხებს დაავადების პროგრესირებას, შეამცირებს ტკივილს და გააუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.

როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა კლინიკაში „კონსილიუმ მედულა“: „კონსილიუმ მედულაშიმკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება კონსილიუმის წესით. დაავადების ადრეულ სტადიაზე მოწოდებულია ქირურგიული მკურნალობა. ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს მივმართავთ კომბინირებულ ქიმიო-სხივურ თერაპიას, ხოლო შორსწასული ფორმების დროს მოწოდებულია სისტემური ქიმიოთერაპიის ჩატარება. უკანასკნელ წლებში აღნიშნულ მეთოდს დაემატა ტარგეტული ე.წ სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია, რამაც გააუმჯობესა მკურნალობის ეფექტურობა.

pexels-artem-beliaikin-1319795
და კვლავ ფაქტები...
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?

HPV ვაქცინა არ წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციას და არც კიბოს მკურნალობის მეთოდს. ის გვიცავს HPV ვირუსისგან, ამცირებს რა HPV ვირუსით დაინფიცირების რისკს, რაც თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.

ზოგიერთ ქვეყანაში დაწყებულია ვაჟების ვაქცინაციაც, რაც ამცირებს გენიტალური სიმსივნის განვითარების რისკს კაცებში. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO რეკომენდაციით, პრიორიტეტულია გოგონების აცრა 9-14 ასაკის პერიოდში, რადგან ეს წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მიდგომას საშვილონოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

HPV ვაქცინაცია არ ანაცვლებს  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს. სკრინინგით  ხდება საშვილოსნოს ყელში არსებული ცვლილებების დაფიქსირება დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე, რომელიც შემდგომ შესაძლოა გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოში.

არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის ალტერნატიული გზები, როგორიცაა ქირურგია, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია  დაავადების განვითარების ადრეული სტადიის დროს.

HIV – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია, ხოლო HPV – ადამიანის პაპილომავირუსი. ეს ორი ერთი და იგივე ვირუსი არ არის. თუმცა, HIV და საშვილოსნოს ყელის კიბო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.  HIV ვირუსის მქონე ქალებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი 5-ჯერ უფრო მაღალია, შესაბამისად,  მათ აქვთ  ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების  მაღალი რისკი.


კვლევებმა აჩვენა, რომ HPV ვაქცინა უსაფრთხოა და ახასიათებს დაცვის ხანგრძლივი ეფექტი. HPV ვაქცინა არ იწვევს უშვილობას ან სხვა რაიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას.


არ არსებობს კონკრეტული რასა ან ეთნიკურობა, რომელიც ქალს მეტად მიდრეკილს ხდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისკენ. თუმცა, პრევენციისა და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობაში უთანასწორობას მივყავართ საშვილოსნოს ყელის კიბოს მაღალი პრევალენტობისა და სიკვდილიანობისკენ ზოგიერთ რასაში.

როგორც ქალი, ასევე მამაკაცი შესაძლოა დაინფიცირდეს HPV ვირუსით. რადგან კაცები არიან ამ ვირუსის მატარებლები, მათ დიდი როლი მიუძღვით დაავადების პრევენციაში.

sashvilosno
მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით
არცერთი ქალი არ უნდა იღუპებოდეს!

როგორ აპირებს მსოფლიო საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას

დღეს მსოფლიოს აქვს რეალური შესაძლებლობა, იხსნას მილიონობით ქალის სიცოცხლე საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრევენცირებად და განკურნებად ონკოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია, სკრინინგი და მკურნალობა კარგადაა განვითარებული, თუმცა ჯერ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. რეალურად, დღეს საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილობა გამოწვეულია ქალებს შორის სოციო-ეკონომიკური განსხვავებითა და სტიგმით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია 21-ე საუკუნეში 62 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა და დაავადების 72 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ყველა ქალს – მიუხედავად თავიანთი საცხოვრებელი ადგილისა, შემოსავლისა, რასისა და განათლების დონისა – ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანმრთელად.


საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის გლობალური სტრატეგია

2020 წელს, მსოფლიო ლიდერებმა პასუხისმგებლობა აიღეს საშვილონოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამის წარმართვაზე და დაამტკიცეს გლობალური სტრატეგია.

გლობალური სტრატეგია მოიცავს 3 მიზანს, რომელიც უნდა განხორციელდეს 2030 წლამდე:

  • 15 წლის გოგონათა 90% უნდა იცრებოდეს HPV ვაქცინით;
  • 35-45 ასაკის ქალების 70% უნდა იტარებდეს სკრინინგს HPV ტესტირებით; საჭიროების შემთხვევაში 90% უნდა იტარებდეს კიბოსწინარე მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას;
  • ინვაზიური კიბოს არსებობის შემთხვევაში პაციენტთა 90% უნდა იტარებდეს მკურნალობას.

ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ჯერჯერობით ქვეყანათა მხოლოდ 3%-ში ხდება ქალთა პოპულაციის 90%-ის აცრა HPV ვაქცინით, ქვეყანათა მხოლოდ 12%-ში გადის შესაბამისი ასაკის ქალების 70% საჭირო სკრინინგს. თუმცა, თავდადებითა და მონდომებით შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა მომდევნო ათწლეულში.

რას ნიშნავს „ელიმინაცია“? საშვილოსნოს ყელის კიბო აღარ იქნება მსოფლიო ჯანდაცვის პრობლემა მაშინ, როცა წლიურ შემთხვევათა რაოდენობა არ გადააჭარბებს 4-ს ყოველ 100.000 ქალში.


რესურსის შინაარსზე იმუშავეს „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგებმა: თამთა მახარაძემ, ცირა ქორთუამ, გინეკოლოგმა კარინა ბუცხრიკიძემ, რეზიდენტებმა : ელენე დოლმაზაშვილმა, სალომე კორძიამ და მარიამ ფიჩხაიამ.

მიიღეთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია! 

ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:

(032) 212 20 02

ჩაერთეთ სკრინინგის

უფასო პროგრამაში!

შეავსეთ

სარეგისტრაციო ფორმა